თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა და სპორტისა და ახალგაზრდულ საკითხთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
სატრანსპორტო საკითხთა კომისიის წევრებმა 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში გარკვეული ცვლილების შესახებ იმსჯელეს, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტის მოცულობამ საერთო ჯამში 1 121 648,1 ათასი ლარი შეადგინა. მოძიებული რესურსების გათვალისწინებით, ასიგნებები პროგრამებსა და ქვეპროგრამებზე გადანაწილდა, მათ შორის გაიზარდა საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია.
დეპუტატებმა 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის შესახებაც იმსჯელეს, რომელიც 1 050 302,5 ათასი ლარით განისაზღვრა.
როგორც სხდომაზე აღინიშნა, სატრანსპორტო საკითხთა მიმართულებით შემდეგი პრიორიტეტები დაფინანსდება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-აღდგენა, ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია, ავარიული შენობების გამაგრება და სხვა.
სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის დღის წესრიგსაც 2021 წლის ბიუჯეტის განხილვა წარმოადგენდა. პროექტის თანახმად, გაგრძელდება სპორტული მოედნების მშენებლობა, რეკონსტრუქცია, ასევე სპორტული და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა. ბიუჯეტში ასახულია წარმატებული სპორტსმენი ბავშვებისა და მწვრთნელთა მხარდაჭერა, ასევე პარასპორტის განვითარების ხელშეწყობაც. გათვალისწინებულია სპორტული დაწესებულებების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება და გრძელდება მულტიფუნქციური სპორტული ცენტრების მშენებლობა დიდ დიღომსა და ვარკეთილში.
გაერთიანებულ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ და მისმა მოადგილემ, ლევან მიქავამ წარუდგინეს.
დეპუტატებმა საკითხებს საკრებულოს სხდომაზე გასატანად მხარი დაუჭირეს.