თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო კომისიის წევრებმა თბილისის ვიცე-მერს ირაკლი ხმალაძეს, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა მუმლაძეს და სატრანსპორტო მიმართულებით მომუშავე ექსპერტებს მოუსმინეს. ვიცე-მერის განცხადებით, ზონალური პარკინგის საპილოტე პროექტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სატრანსპორტო ნაკადის დარეგულირებაა, რომელიც პირველ ეტაპზე კოტე აფხაზის ქუჩას და მიმდებარე ტერიტორიებს მოიცავს. საპილოტე პროექტის ამოქმედებამდე კი დედაქალაქს განახლებული ავტოპარკი ექნება.
სხდომაზე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელთა თქმითაც, ზონალური პარკირების სისტემის შემოღება აუცილებელია, რადგან ეს საკითხი დედაქალაქში გარემოს დაცვასთან, სატრანსპორტო ქსელისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან პირდაპირ კავშირშია.
საკრებულოს თავმჯდომარის გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ზონალური პარკინგის პროექტი მიზნად ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში არსებული გამოწვევების გადაჭრას ისახავს. მისივე თქმით, საპილოტე პროექტი 1-ლი ივლისიდან ამოქმედდება.
„სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი პარკირებაა. მინდა გითხრათ, რომ ამ ეტაპზე ჩვენ ვმსჯელობთ საპილოტე პროგრამაზე, რომელიც კოტე აფხაზისა და მიმდებარე ქუჩებზე გავრცელდება. ჩვენ დღეს მოვისმინეთ არასამთავრობო სექტორის საკმაოდ საინტერესო დამოკიდებულება. ისინი ერთხმად აღნიშნავენ, რომ ზონალური პარკინგი სატრანსპორტო პოლიტიკის რეფორმის მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია.რაც შეეხება ტარიფს, ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული. ჩვენ გვექნება დამატებითი განხილვა და დავადგენთ მინიმალურ და მაქსიმალურ ტარიფს“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პროექტის მიხედვით, დედაქალაქის ქუჩები A,B,C კატეგორიებად დაიყოფა. ზონების მიხედვით განისაზღვრება მინიმალური და მაქსიმალური ტარიფი. ყველაზე მაღალი ფასი C კატეგორიის ქუჩებზე იქნება დაწესებული.