თბილისის საკრებულოს ექვსი კომისიის - იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, სარევიზიო, განათლების და კულტურის, სატრანსპორტო საკითხთა, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
კომისიების წევრებმა დედაქალაქის 2021 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს, რომელიც მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარადგინა. მისი განცხადებით, 2021 წლის ბიუჯეტის მოცულობა წარმოდგენილი პროექტით 34 მილიონ 450 ათას ასი ლარით იზრდება. გაიოზ თალაკვაძის ინფორმაციით, გაზრდილი ბიუჯეტი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაზე, საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის მოდერნიზებაზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, კეთილმოწყობის, გამწვანების და დასუფთავების ღონისძიებებზე, ასევე სოციალური მიმართულების პროგრამებზე გადანაწილდება.
იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სხვადასხვა მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობის დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით, რამდენიმე სამშენებლო კომპანიასთან მიმართებაში ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენების საკითხები შეთანხმების შესახებ ინფორმაცია წარადგინა. ლევან ჟორჟოლიანმა კომისიების წევრებს ასევე გააცნო „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ დაუსრულებელ მშენებლობებთან დაკავშირებით რიგი ღონისძიების განხორციელების თაობაზე გამოყენების საკითხის შეთანხმებაზე საკრებულოს განკარგულების პროექტი.
ექვსი კომისიის სხდომაზე თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის N37-14 დადგენილებაში ცვლილება განიხილეს, რომელიც ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა გააცნო დეპუტატებს.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელმა საკრებულოს წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრის ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა, ასევე დედაქალაქის რამდენიმე უნაბში უძრავი ქონების და მიწის ნაკვეთების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების საკითხები წარადგინა.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს და საკრებულოს სხდომაზე დასამტკიცებლად წარდგენისთვის დადებითი რეკომენდაცია მისცეს.