თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიისა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ერთობლივი ინიციატივით, დედაქალაქის ყველა რაიონში, სატრანსპორტო და საგზაო ინფრასტრუქტურის მონიტორინგი განხორციელდა.
ღონისძიების ფარგლებში, საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა ქეთევან მამულაშვილმა, ილია ჯიშკარიანმა, დავით უთმელიძემ, ავთანდილ ცინცაძემ, ვლადიმერ ძნელაძემ, გიორგი ბირბიჩაძემ, ალექსანდრე ხუჯაძემ, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დედაქალაქის რაიონები დაათვალიერეს და არსებული პრობლემები აღრიცხეს.
რაიონების მონიტორინგისას ყურადღება დაზიანებულ და მწყობრიდან გამოსულ შუქნიშნებზე, ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელებზე, ავტობუსების გაჩერებებზე, საგზაო ნიშნების დამატებაზე, ე.წ. ზებრების განახლებაზე, სატრანსპორტო ნაკადების დარეგულირებაზე, ველობილიკების მოწყობაზე გამახვილდა.
აღსანიშნავია, რომ გამოვლენილ პრობლემურ საკითხებს ტრანსპორტის საქალაქო სამსახური თემატურად დააჯგუფებს, თითოეულ შემთხვევაში შესრულების ვადას განსაზღვრავს და ინფორმაციის სახით სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე წარმოადგენს, რომელსაც საკრებულოს მაჟორიტარი წევრები დაესწრებიან.
მოგვიანებით სამსახური იმავე წესით, წარმოადგენს ინფორმაციას შესრულების შესახებ.