თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე, საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ,,ლილო არენას" 2022 წლის "საქართველოს დრიფტის სერიებით" გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
გახსნის დღეს ჩემპიონატში 32 PRO და PRO2 კლასის მრბოლელი მონაწილეობდა.
,,ეს ტერიტორია, რომლის ფართობიც 91 ათასი კვ.მ-ია მუნიციპალიტეტმა საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციას უსასყიდლოდ, ავტოდრომის მოწყობის მიზნით გადასცა. მისასალმებელია, რომ ფედერაციამ მოზიდული ინვესტიციით უმოკლეს ვადებში ააშენა თანამედროვე სტანდარტების ავტოდრომი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით. "ლილო არენა" სპორტის ამ სახეობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი სტიმული გახდება," - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.
აღსანიშნავია, რომ თბილისში აქამდე ავტოდრომი არ არსებობდა. სპორტის ამ სახეობის წარმომადგენლებს რთულ პირობებში უწევდათ ასპარეზობა. შექმნილი ინფრასტრუქტურა კი სრულად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავტოსპორტის განვითარებას.