თბილისის საკრებულოში ფრაქციის „ევროპული საქართველო“ წევრები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერის მოადგილეს მაია ბითაძეს და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს მამუკა მუმლაძეს შეხვდნენ.
სხდომას საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუაც ესწრებოდა.
შეხვედრაზე მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარ შემთხვევაზე ისაუბრეს.
როგორც მაია ბითაძემ განაცხადა, აღნიშნული შემთხვევა ტექნიკური გაუმართაობისა და სამუშაოების ხარისხის დაბალი კონტროლის გამო მოხდა. აქედან გამომდინარე, მეტროსთან მიმართებით დაგეგმილი პროექტები და რეაბილიტირებული ობიექტები თავიდან იქნება შესწავლილი.
დღესვე მერის მოადგილემ ახალი ავტობუსების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თბილისის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების შემდეგ, დედაქალაქში 100 ახალი ავტობუსის შემოყვანა სხვადასხვა ეკონომიებიდან შემოსულ დანაზოგის ხარჯზე მოხდება. ბითაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე დედაქალაქში ავტოპარკის განახლების მიმართულებით საერთაშორისო დაფინანსების მოსაძიებლად მუშაობა უკვე მიმდინარეობს.
თბილისის მერის მოადგილემ ტაქსების აღრიცხვის მიზნით პირველ ეტაპზე დაგეგმილ ღონისძიებებთან დაკავშირებითაც გააკეთა განმარტება. მისი თქმით, რეფორმა სამ ეტაპად განხორციელდება და ის ტაქსის საფასურის ზრდას არ გამოიწვევს.
,,პარლამენტი ტაქსების რეგულაციის თაობაზე კანონს საგაზაფხულო სესიაზე მიიღებს, რის შემდეგაც საკრებულოს შესაბამისი აქტის გამოცემის უფლება ექნება და მერია ტაქსების აღრიცხვას დაიწყებს” - განაცხადა მაია ბითაძემ.’’
მისივე თქმით, რეფორმის განხორციელებაში უცხოელი პარტნიორები არიან, ჩართულები, რომლებიც მერიას ევროპისა და განვითარების ბანკის (EBRD) საგრანტო ხელშეკრულების ფარგლებში ეხმარებიან. ბითაძემ ასევე აღნიშნა, რომ ის ტაქსის მძღოლები, რომლებიც რეგისტრაციას არ გაივლიან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ჯარიმას გადაიხდიან.
თბილისის მერიის ინიციატივას არასწორ ნაბიჯად აფასებენ „ევროპული საქართველოს“ წევრები.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, აღნიშნული რეგულაციები სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.
„ჩვენ აღნიშნული ინიციატივა არასწორად მიგვაჩნია. ვფიქრობთ, რომ ეს არის დარტყმა ყველაზე გაჭირვებულ ადამიანებზე, მათთვის, ვინც საკუთარი მანქანით ორ თეთრს შოულობს და ოჯახში შეაქვს", — განაცხადა გაბაშვილმა.