თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ სხდომაზე თბილისის მერის მოადგილეს ირაკლი ბენდელიანს და თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელს გიორგი ბაიდარაშვილს მოუსმინეს. სხდომაზე გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე ისაუბრეს. ფრაქციის მხრიდან დაისვა შეკითხვები, თუ როგორ არის დაგეგმილი და რა ეტაპებად ჩატარდება სამუშაოები და რატომ არის დაგეგმილი გამარტივებული შესყიდვა.
თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში განხილვის პროცესშია. ამ პროცესის დასრულების შემდეგ, თუკი მთავრობის თანხმობა იქნება, გამოვლინდება დაახლოებით 2 კომპანია, რომლებიც სამუშაოებს შეასრულებენ. მისივე თქმით, გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციაზე ტენდერი პროექტის სპეციფიურობის გამო არ გამოცხადდა.
შეხვედრაზე თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელმა გიორგი ბაიდარაშვილმა ფრაქციის წევრებს პროექტის დეტალები გააცნო. მისი განცხადებით, რეაბილიტაცია დაახლოებით 30-მდე მისამართზე ჩატარდება.
როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მერია მზად არის ამ საკითხზე ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს შეხვდეს და განსხვავებული აზრი მოისმინოს. რაც შეეხება საკითხს, თუ რატომ არ გამოცხადდა ტენდერი, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, რომ ეს პირველ რიგში ვადებთან არის დაკავშირებული, რადგან პროექტის მიმდინარეობის დროს უამრავი გაუთვალისწინებელი სამუშაო შეიძლება გამოვლინდეს, რომელიც თავის დროზე ტენდერში არ იქნებოდა ჩადებული.
„როდესაც ასეთი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, დამატებით სამუშაოების დროს ახალი ტენდერების გამოცხადება უამრავ დროს მოითხოვს. ძირითადი კრიტერიუმებია, რომ შეირჩეს კომპანიები, რომლებსაც ამ სფეროში საქმიანობის გამოცდილება აქვთ, ასევე პროექტი მაღალი ხარისხით შესრულდეს და არა კონკრეტული ტენდერის შედეგად მიღებული მცირედი ეკონომიით,“- განაცხადა თბილისის მერის მოადგილემ.
რაც შეეხება პროექტის თანხას, როგორც ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, 50 მილიონის გათვლა საპროექტო დოკუმენტაციის საფუძველზე მოხდა.
როგორც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა განაცხადა, ასეთი პროექტის მიმდინარეობისას საზოგადოების ჩართულობა და ინფორმირება აუცილებელია.
„ვინაიდან თბილისის განვითარების ფონდმა აირჩია გამარტივებული შესყიდვის გზა, რაც ჩვენ არასწორად მიგვაჩნია, მაინც შიდა კონკურსების გზით უნდა იაროს და რაც შეიძლება მეტი კომპანია და სპეციალისტი ჩართოს საქმეში. ჩვენ მივიღეთ წინადადება, რომ თუ შევთავაზებთ კონკრეტულ სატენდერო პირობებს, შეიძლება გადაიხედოს გადაწყვეტილება და ჩვენ აუცილებლად წარვუდგენთ ასეთ პროექტს,“- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.