თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ევროპული საქართველო-თბილისი“ წევრები დედაქალაქის მერიას მიმართავენ და ამხანაგობების დაფინანსების წესში შეტანილი ცვლილებების გადახედვას მოითხოვენ. განცხადება ამის შესახებ საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ დავით ჟღენტმა გააკეთა.
როგორც მან განაცხადა, ამხანაგობის თანადაფინანსების წესის შეცვლის შემდეგ უამრავი ტენდერი ჩაიშალა, რის გამოც, თბილისელები მათთვის საჭირო სერვისებს ვერ იღებენ.
„ცენტრალიზებული წესით გამოცხადებული ტენდერების უმეტესობა იშლება, ხოლო გამარჯვებული კომპანიები ნეპოტიზმის ნიშნით თბილისის მერიასთან არიან დაკავშირებული. მაგალითად რამდენიმე ტენდერში გამარჯვებულია კომპანია „ფინეზა,, რომლის დამფუძნებლის მეუღლე თბილისის მერიის თანამშრომელია“, - აცხადებს დავით ჟღენტი.
მისივე ინფორმაციით, 2017 წელს 560 -მდე კომპანია ასრულებდა ამხანაგობების მიერ დაკვეთილ, სახურავების გადახურვის, შიდა კომუნიკაციების მოწესრიგების, სადარბაზოების რემონტის, ჟოლოფების შეცვლის და სხვა სამუშაოებს. წესის შეცვლის შემდეგ კი მაგალითისთვის ჩაიშალა სახურავებისა და წყალსაწრეტი მილების ტენდერი ისანში, ვაკეში და გლდანის რაიონებში, ასევე წყალკანალიზაციის ტენდერი ნაძალადევის რაიონში, რომელთა ღირებულება მილიონ ნახევარ ლარამდეა.
ფრაქციის თავმჯდომარე მოუწოდებს ქალაქის მერიას პასუხისმგებლობით მოეკიდონ მოქალაქეების წინაშე აღებულ ვალდებულებებს და წესი არა საკუთარ ინტერესებზე, არამედ მოქალაქეებზე მორგებული გახადონ.