თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო - თბილისის“ თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა ბრიფინგი გამართა, რომელზეც გამოვიდა ინიციატივით, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ამერიკელი სენატორის ჯონ მაკკეინის სახელი ეწოდოს.
„მივმართავთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს სახელდების და სიმბოლიკის კომისიას, ასევე საკრებულოს ყველა პოლიტიკურ ძალას, როგორც მმართველს, ასევე ოპოზიციურ პარტიებს, რომ ყველამ ერთად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება. ჯონ მაკკეინი იყო, საქართველოს, ზოგადად თავისუფლებისთვის მებრძოლი ერების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მხარდამჭერი. ის იყო საქართველოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტის ერთ-ერთი ხმამაღალი გულშემატკივარი და რაც მთავარია, საქართველოსთვის ყველაზე მძიმე წუთებში, ჯონ მაკკეინი იყოადამიანი, რომელმაც თქვა, რომ დღეს ყველა ამერიკელი არის ქართველი. შესაბამისად, ყველა ქართველის და თბილისელის ვალია მის ხსოვნას პატივი ვცეთ იმით, რომ თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ჯონ მაკკეინის სახელი ვუწოდოთ,“- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
მისივე თქმით, „ევროპული საქართველოს“ სურვილია, რომ ამ ინიციატივას მხარდაჭერა ყველა პოლიტიკურმა ძალამ გამოუცხადოს.
„პრინციპულად არ ვაყენებთ რომელიმე ქუჩისთვის სახელის გადარქმევის საკითხს. ჩემი სურვილია, რომ ყველა ერთად შევიკრიბოთ. საკრებულოს თავმჯდომარემ გაუკეთოს ორგანიზება ასეთ შეხევდრას, შევარჩიოთ ქუჩა და საკრებულოს ყველა პოლიტიკურმა ძალამ, ერთობლივად მივიღოთ ეს გადაწყვეტილება,“- დასძინა გაბაშვილმა.