თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ევროპული საქართველო თბილისი“ წევრები მეტროპოლიტენის თანამშრომელთა პროტესტს მხარს უჭერენ. განცხადება ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა გააკეთა და ხელისუფლებასა და დედაქალაქის მერიას მოუწოდა მეტროპოლიტენის მემანქანეთა ხელფასები სულ მცირე 20 % გაზარდოს.
გიორგი გაბაშვილის თქმით, „ევროპული საქართველო“ ასევე ითხოვს ხელფასების მინიმუმ 20 % გაზრდას არა მარტო მეტროპოლიტენის პერსონალისთვის, არამედ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მძღოლებისთვის, მემანქანეებისთვის, კონტროლიორებისთვის, ოსტატებისა და მუშებისთვის, საბავშვო ბაღების აღმზრდელებისთვის, მათი თანაშემწეებისთვის. ასევე „თბილსერვის ჯგუფის“ მძღოლებისთვის, დამხმარე მუშებისთვის, დამგველებისა და სპეც მორიგეებისთვის, მონიტორებისა და მხერხავებისთვის.
„ამ ადამიანების ხელფასის 20 % გაზრდისთვის თბილისის ბიუჯეტიდან დაახლოებით 30 მილიონი ლარია საჭირო. მოვუწოდებთ თბილისის მერიას ათასობით ადამიანის შრომის ანაზღაურების გასაუმჯობესებლად კონკრეტული ნაბიჯების გადადგას“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.