თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისი“ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო, დედაქალაქის მერის მოადგილისა და მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსის ფრაქციის სხდომაზე მოსვლას მოითხოვს. განცხადება ამის შესახებ, საკრებულოში გამართულ ბრიფინგზე, ფრაქცია „ევროპული საქართველო-თბილისის“ თავმჯდომარემ გიორგი გაბაშვილმა გააკეთა.
გარდა ამისა, გაბაშვილის თქმით, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაც უნდა ჩატარდეს და ყველა იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მომხდარი შემთხვევის შესახებ აქვს, პასუხი უნდა გაეცეს.
„სამწუხაროდ, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც თბილისის მერია უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოს იწონებს და იბარებს. ამიტომ მოვუწოდებთ თბილისის მთავრობას მობრძანდნენ ფრაქციისა და საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე და ყველა კითხვას კონკრეტული პასუხი გასცენ“,- განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.