საკრებულოს ფრაქცია „ევროპული საქართველო თბილისის“ თავმჯდომარე გიორგი გაბაშვილმა „სითი ინსტიტუტის“ მიერ დაგეგმილ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განხილვას საქმიანი უწოდა. განცხადება ამის შესახებ გიორგი გაბაშვილმა საკრებულოს სხდომაზე გააკეთა.
მისი თქმით, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლების, ასევე ოპოზიციის მონაწილეობით გამართული შეხვედრაზე „სითი ინსტიტუტმა“ წარმოადგინა თავისი ნამუშევარი.
„ოპოზიციის ფუნქცია, მისი მოვალეობა არის დასვას კითხვები, როგორც შინაარსთან ისევე პროცესთან დაკავშირებით. გენერალური გეგმა არის ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი, მის გარშემო კი უნდა იყოს გადაწყვეტილების მიმღებთა, პროფესიული საზოგადოების და აკადემიური საზოგადოების კონსენსუსიც“, - განაცხადა გიორგი გაბაშვილმა.
მისივე თქმით, გუშინდელ განხილვაზე კარგად გამოჩნდა, რომ არავითარი გადაულახავი წინააღმდეგობები მერიასა და გენგეგმის ჯგუფს შორის არ არსებობს.
„არსებობს სხვა რაღაც მალული და დაფარული ინტერესი თუ რატომ არ ხდება აქამდე გენგეგმის დამტკიცება“, - განაცხადა გაბაშვილმა.