უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლების დამაკავშირებელი ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს, მას თბილისის მერია ახორციელებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე გაეცნო.
სამუშაოების ფარგლებში უნივერსიტეტის ქუჩის მხრიდან საყრდენი კედლების ნაწილი ამ დროისთვის მოწყობილია, გრძელდება დანარჩენი კედლების მოწყობის სამუშაოები. უკვე დასრულებულია გზაგამტარის მშენებლობა ბაგების დასახლების მხარეს. ამჟამად მიმდინარეობს ხიდის ბურჯების მოწყობა და მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების ადგილმონაცვლეობა. რაც შეეხება საგზაო ნაწილს, ამ დროისთვის გრუნტის საექსკავაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„ბოლო წლების ერთ-ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი არის უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი, რომლის მშენებლობა 2021 წლის ბოლოს დაიწყო და უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ხიდი იქნება თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით აგებული ოთხზოლიანი საავტომობილო გზის მქონე კონსტრუქცია. ახალი ხიდის მეშვეობით ახალი შემოვლითი გზა მნიშვნელოვნად განტვირთავს მოძრაობას ვაკე-საბურთალოს მიმართულებით“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი ხიდი ამჟამად არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ შენდება.