საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში ჰერალდიკის საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა, რომელსაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები, ჰერალდიკისა და ვექსილოლოგიის საერთაშორისო მკვლევრები, ასევე მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
გიორგი ტყემალაძემ კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.
მისი თქმით, ჰერალდიკას საქართველოში საკმაოდ ხანგრძლივი და საინტერესო ტრადიცია აქვს და მათ შორის მუნიციპალიტეტების ჰერალდიკურ ნიშნებსაც. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის სიმბოლიკას ადგენს თვითმმართველი ერთეულის საკრებულო.
„როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, საქართველოს მუნიციპალიტეტების სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თანამშრომლობისთვის. სწორედ საბჭოს გუნდთან აქტიური თანამშრომლობით, სრული ჰერალდიკური სტანდარტების დაცვით, შეიქმნა 64-მდე მუნიციპალიტეტის დროშა და გერბი. ვფიქრობთ, მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესმა სისტემური სახე მიიღო და მუნიციპალიტეტების სიმბოლოები სახელმწიფოებრივი სტანდარტების ქვეშ მოექცა.
ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოსთან და შესაბამის სპეციალისტებთან. იგეგმება გარკვეული ცვლილებები თბილისის მუნიციპალიტეტის სიმბოლიკასთან დაკავშირებით, რათა ერთიანი სახელმწიფო ჰერალდიკური პოლიტიკის თანახმად, სახელმწიფო სტანდარტებთან შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი. ვფიქრობთ, ამ კონტექსტში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მიმდინარე კონფერენცია და ასეთი მაღალი რანგის უცხოელი სპეციალისტების ჩართულობა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.