სამგორის რაიონში N130 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობა დღეს, თბილისის მერთან კახა კალაძესთან ერთად, საკრებულოს ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, სამგორის მაჟორიტარმა წევრმა რევაზ სოხაძემ და საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახაბერ ლაბუჩიძემ დაათვალიერეს.
N130 საბავშვო ბაღში დღეიდან 300-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. საბავშვო ბაღი აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შენობაში დამონტაჟებულია უახლესი ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა - HACCP; ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია შშმ და სამზარეულოს ლიფტები, მოწყობილია ღია ტერასა მეთოდური აქტივობებისათვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო თანამედროვე სათამაშო მოედნებით, საბავშვო ატრაქციონებითა და საჩრდილობლებით, ასევე მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემით.
ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში მდებარე ბაღის ძველი შენობის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის აშენება 3 695 703 ლარი დაჯდა.
ახლად აშენებული საბავშვო ბაგა-ბაღის გახსნის ღონისძიებას ასევე, მერის მოადგილე კახაბერ გულედანი, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი გოგი ჩიქოვანი, პარლამენტის წევრი სოზარ სუბარი, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და მისი მოადგილე სოსო ბურდულაძე დაესწრნენ.