თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარესთან, კახაბერ ლაბუჩიძესთან, ერთად საქართველოს „ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულზე წარდგენილ სკოლის მოსწავლეებს შეხვდა. არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატები“ საერთაშორისო პროგრამების მონაწილეებს სიმბოლურად ანიჭებს საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატის ტიტულს.
„ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულის მინიჭების ღონისძიება უკვე სამჯერ ჩატარდა ქალაქ ბრიუსელში, ევროპარლამენტში. ამა წლის ნოემბერში საერთაშორისო პროგრამების მონაწილეები „წლის ახალგაზრდა დიპლომატის“ ტიტულით ქალაქ ჟენევაში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის მხარდაჭერით დაჯილდოვდებიან.
დღესვე დიმიტრი ყიფიანის სახელობის დარბაზში ფოტოგამოფენა გაიმართა, რომელზეც წარმოდგენილი იქნა ევროპული სკოლის მოსწავლის, საერთაშორისო პროგრამების მონაწილის, მიხეილ კუზმიდის, ნამუშევრები, რომლებშიც აღბეჭდილია მისი ევროპაში მოგზაურობის შთაბეჭდილებები. ასევე გამოიფინა მხატვარ ინგა ზეიკიძის მინიატურული ფერწერული ნამუშევრები და მხატვარ-დიზაინერის, თეა გუნთაიშვილის, ფერწერული ნამუშევრები სახელწოდებით „ხელოვნება მშვიდობისათვის“. მათი ნამუშევრების გამოფენა ქალაქ სტრასბურგში 2023 წლის აპრილში შედგა. გამოფენას ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმოქმედი დელეგაციის წევრმა თამარ ტალიაშვილმა უმასპინძლა.