თბილისის საკრებულოში სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძე და განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე ვარშავის ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.
დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე აგნიეშკა ვირვალ, მუნიციპალური ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე აგნიეშკა ბოროვსკა და ასევე ვარშავის ქალაქის საბჭოს ოფისის უმცროსი ინსპექტორი სუზანა სოსნოვსკა იყვნენ, საკრებულოს წევრებმა კომისიების მუშაობის პროცესი გააცნეს და დედაქალაქში განხორციელებულ მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე, შალვა ოგბაიძემ აღნიშნა, რომ ევროპული ღირებულებებისადმი სწრაფვა ქართველებისთვის ბუნებრივი მდგომარეობაა და მნიშვნელოვანია პოლონეთის გამოცდილების გაზიარება ინფრასტრუქტურულ სფეროში, განსაკუთრებით ვარშავის, ისეთი ქალაქისა, სადაც ისტორია და თანამედროვეობა ერთმანეთს ერწყმის.
„მოხარული ვარ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა ერთმანეთს გავუზიაროთ გამოცდილება და ვისაუბროთ, იმ მნიშვნელოვან სატრანსპორტო და ინფრასტქუქტურულ პროექტებზე, რომელიც ჩვენს დედაქალაქში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა“, - განაცხადა შალვა ოგბაიძემ.
ვარშავის ქალაქის საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კახა ლაბუჩიძემ მუნიციპალურ დონეზე კულტურულ-საგანმანათლებლო და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების სპეციფიკაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვარშავის ქალაქის საბჭოსა და თბილისის საკრებულოს შორის უნდა გაგრძელდეს პარტნიორობა, თანამშრომლობის საუკეთესო ფორმატი კი კულტურა, განათლება და ხელოვნებაა.
დღესვე, ვარშავის დელეგაციას დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა: უმრავლესობის წევრებმა ანა კაკაბაძემ და გურამ ოქროპირიძემ, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებმა ანა გოგოლაძემ, ნინო წულაძემ და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მრჩეველმა გენდერული თანასწორობის საკითხებში ნინო ბურძენიძემ, უმასპინძლეს.
შეხვედრაზე, რომელიც კითხვა – პასუხის რეჟიმში წარიმართა. გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა სტუმრებს მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ერთმანეთს გენდერული საბჭოს მუშაობის გამოცდილება გაუზიარეს.
შეხვედრის ფარგლებში დელეგაციის წევრები საბჭოს წევრებისგან გენდერული მიმართულებით მუნიციპალიტეტის საქმიანობის შესახებაც დაინტერესდნენ, რაზეც გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს.
დასასრულს, დელეგაციის წევრებმა თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს და დეპუტატებს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადეს.