სამგორის რაიონში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე სამხედრო ქალაქში, პარკის მოწყობის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა რევაზ სოხაძემ დედაქალაქის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ პაატა ტოგონიძესთან, სამგორის რაიონის გამგებელ კახა სამხარაძესთან და საპროექტო ორგანიზაცია „უნივერსალ პროჯექტთან“ ერთად.
პარკის ტერიტორიაზე, რომლის ფართობიც 16 ჰექტარია, დაგეგმილია საფეხმავლო და ველობილიკების, სპორტული მოედნების, საბავშვო სივრცეების, ცხოველთა სასეირნო სივრცის, სკეიტპარკის, მშრალი შადრევნის, ამფითეატრის, გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემის მოწყობა.
გარდა ამისა, დაგეგმილია გამწვანებისთვის ყველა საჭირო ღონისძიების განხორციელება. ტერიტორიაზე მოეწყობა სარწყავი სისტემა, დაიყრება ნოყიერი მიწის ნაზავი, დაირგვება ხე-ბუჩქები და დაიგება მწვანე ბალახის საფარი.
სამუშაოების ღირებულება 18 მილიონ ლარს შეადგენს.