ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩაზე, დასასვენებელი სივრცის რეაბილიტაცია გრძელდება. მიმდინარე სამუშაოები თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ და ვაკის რაიონის მაჟორიტარმა გიორგი ტყემალაძემ რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან, ერთად დაათვალიერა. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, აქტიურად მიმდინარეობს დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი სივრცეების შექმნა და არსებულის რეაბილიტაცია-განახლება.
„ვაკის რაიონში, ნუცუბიძის II მიკრორაიონში, ჟღენტის ქუჩაზე, სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო. უკვე განხორციელდა დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი და მიმდინარეობს მოწესრიგებისა და კეთილმოწყობის სამუშაოები. უახლოეს მომავალში დამონტაჟდება ახალი განათება, მოეწყობა სპორტული ზონა და საბავშვო მოედანი“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
პროექტის თანახმად, ამ დროისთვის რამდენიმე სივრცის განახლება-მოწესრიგება და კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ეწყობა საბავშვო მოედანი და იგება ფილები. სამუშაოების შედეგად 1300-ზე მეტი კვ. მ ფართობის სკვერი რეაბილიტირდება. პროექტის დასკვნით ეტაპზე კი დასასვენებელი სივრცის გამწვანების სამუშაოები განხორციელდება.