თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, დედაქალაქის მერი კახა კალაძე და მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი, მახათას აღმართსა და ვაზისუბნის დასახლებაში მდებარე ეშბას ქუჩის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო გზის დასრულებულ სამუშაოებს გაეცნენ.
თბილისის მერიის დასრულებული პროექტით ვაზისუბანში მდებარე ახალი საავტომობილო გზა „ჰუალინგის“ დასახლებიდან მახათას აღმართს უკავშირდება, რაც ერთი უბნიდან მეორეში გადაადგილების დროს შეამცირებს და ვაზისუბნის ქუჩებს განტვირთავს.
აღნიშნულ ტერიტორიაზე, წლების განმავლობაში, გრუნტის გზა არსებობდა, რომელზეც მხოლოდ სატვირთო ავტომობილები გადაადგილდებოდნენ.
განხორციელებული პროექტის ფარგლებში აღნიშნულ ტერიტორიაზე, 1 500 მეტრი სიგრძის საავტომობილო გზა მოეწყო და გამწვანების სამუშაოები განხორციელდა. დაირგო 869 ძირი სხვადასხვა სახეობის მწვანე ნარგავი და LED სანათებით გარე განათების ქსელი დამონტაჟდა.
სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა, რაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ორი მილიონი ლარით დაფინანსდა.
ადგილზე ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი გიორგი აბუთიძე და ისნის გამგებელი ნიკა ელისაშვილი იმყოფებოდნენ.