თბილისის საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი წევრი ლევან ჯაფარიძე, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და ამავე რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის იოსებ გრიშაშვილის იუბილესთან და წიგნის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას - „ძველი თბილისური ბოჰემა“ დაესწრო.
ღონისძიება, რომელიც კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო, იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში შედგა.
როგორც ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, სკვერის რეაბილიტაცია ჯერ კიდევ 2019 წელს მოხდა და მას იოსებ გრიშაშვილის სახელი ეწოდა.
,,ჩვენთვის ძალიან ძვირფასია იოსებ გრიშაშვილის სახელი და ამიტომ შემოვიღეთ ე.წ. ,,გრიშაშვილობა’’, რომელსაც კრწანისის რაიონის გამგეობის დახმარებით ყოველწლიურად აღვნიშნავთ’’,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.
იოსებ გრიშაშვილის სკვერი ერთი დღით ძველ თბილისურ სტილში გაფორმდა, გადმოიკიდა ხალიჩები, განთავსდა ბანერები ძველი თბილისისა და თბილისელების ფოტოებით.
ღონისძიების ძირითადი ნაწილის დაწყებამდე, სტუმრების წინაშე მეარღნე და სპეციალურად ამ დღისთვის მოწვეული მსახიობები წარდგნენ.
ღონისძიებაში ასევე, მონაწილეობა ქსოვრელებმაც მიიღეს. მსახიობებმა „ძველი თბილისური ბოჰემის“ ფარგლებში, კიდევ ერთხელ გაცოცხლეს იოსებ გრიშაშვილის პოეზია.
ამასთანავე, იყო მუსიკალური ნომრები და ფრაგმენტები ფილმებიდან თუ სპექტაკლებიდან. აღნიშნული სკვერის სივრცე რეტრო გალერეასაც დაეთმო, სადაც სხვადასხვა რეკვიზიტები იყო წარმოდგენილი. დღესვე, კრწანისის რაიონის წარჩინებულ მოსწავლეებს საჩუქრად წიგნები გადაეცათ.
ღონისძიებას ასევე საქართველოს პარლამენტის წევრები: ბექა ოდიშარია, ნოდარ ტურძელაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.