თბილისის საკრებულოს სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ლევან ჯაფარიძემ საზოგადოებას მუშაობის წლიური ანგარიში წარუდგინა. ანგარიშის წარდგენა კრწანისის რაიონის გამგეობაში გაიმართა.
საანგარიშო პერიოდში ლევან ჯაფარიძე საკრებულოს ბიუროს 17 და საკრებულოს 15 სხდომას დაესწრო, სადაც მისივე მონაწილეობით საკრებულოს 113 დადგენილება და 649 განკარგულება მიიღეს.
სარევიზიო კომისიამ საკრებულოს რეგლამენტისა და კომისიის დებულების შესაბამისად, წლის დასაწყისში 2022 წლის სარევიზიო კომისიის სამუშაო გეგმა დაამტკიცა, რომელიც 11 შესამოწმებელ ორგანიზაციას მოიცავს, მათ შორის,შერჩევითი მეთოდით, თბილისის 187 საბავშვო ბაგა-ბაღს.
საანგარიშო პერიოდში, სარევიზიო კომისიის მიერ შემოწმდა 14 ორგანიზაცია. აქედან, 7 ორგანიზაციაში შემოწმების შედეგად, სარევიზიო კომისიის სამდივნოს თანამშრომლებმა შემოწმება-ანალიზის დასკვნები შეადგინეს. დასკვნები სარევიზიო კომისიის სხდომაზე განიხილეს, ხოლო 7 ორგანიზაცია ამ დროისთვისაც შემოწმება/განხილვის ეტაპზე იმყოფება. შემოწმებულ ორგანიზაციებზე, შემოწმება-ანალიზის დასკვნიდან გამომდინარე, კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად გაიცა რეკომენდაციები. ამასთან, შემოწმება-ანალიზის დასკვნები, კომისიის გადაწყვეტილებით, დამატებითი გამოკვლევისა და შესწავლის მიზნით, თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურში გადააგზავნეს. ასევე, სარევიზიო შემოწმებების შედეგებმა აჩვენა, რომ მნიშვნელოვანია გაანალიზდეს და შემუშავდეს ქალაქში ერთგვაროვან საქმეთა შესრულების საერთო პრინციპი, რის გამოც, კომისიის თავმჯდომარის ლევან ჯაფარიძის ინიციატივით, სარევიზიო კომისიაში სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც პრაქტიკიდან გამომდინარე საერთო რეკომენდაციების ჩამოყალიბებაზე მუშაობს. რეკომენდაციების ჩამოყალიბებაში როგორც საქალაქო სამსახურების ასევე, რაიონული გამგეობების ხელმძღვანელები მონაწილეობენ.
საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიამ ორგანიზება გაუწია და ჩაატარა კომისიის 16 სხდომა, სადაც 55 საკითხი განიხილა. აღნიშნულ პერიოდში, ლევან ჯაფარიძის მიერ ასევე სამჯერ, სარევიზიო კომისიის მუშაობის ანგარიშები იქნა წარდგენილი.
ლევან ჯაფარიძემ ასევე, როგორც გარემოს დაცვის კომისიის წევრმა, მონაწილეობა მიიღო გარემოს დაცვის კომისიის 14 სხდომაში, სადაც შეისწავლეს და განიხილეს 101 საკითხი.
ლევან ჯაფარიძე მონაწილეობდა ფრაქციის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ 18 სხდომაში, სადაც შეისწავლა და განიხილა 35 საკითხი.
საანგარიშო პერიოდში, ლევან ჯაფარიძემ თბილისის საკრებულოში და კრწანისის რაიონის მაჟორიტარის ბიუროში მოქალაქეთა მიღებაზე 500-მდე მოქალაქე მიიღო და შესაბამისი კონსულტაცია (დახმარება) გაუწია. მის მიერ 676 - მდე განცხადება-კორესპოდენციაზე რეაგირება მოხდა.
ლევან ჯაფარიძის განცხადებით, სამაჟორიტარო ოლქში, საანგარიშო პერიოდში კრწანისის რაიონის მოსახლეობისთვის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა, რაც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს. პროგრამის ფარგლებში განხორციელდა: ავარიული სახლების გამაგრება, საცხოვრებელ სახლებს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა, მოწესრიგდა და რეაბილიტირდა მიწისქვეშა კომუნიკაციები, კეთილმოეწყო სპორტული მოედნები და ეზოები. მრავალი სამუშაო განხორციელდა გზების მოწესრიგებისა და რეკრეაციული სივრცეების შესაქმნელად. მათ შორის იყო რამდენიმე მასშტაბური პროექტიც, როგორიცაა გულიას პირველი ჩიხი N6-ში, 6 500 კვ.მ-ზე, რეკრეაციული სივრცის მოწყობა, აბანოს ქუჩა N23-ში კი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია. გარდა ამისა დაიწყო უმნიშვნელოვანესი პროექტების განხორციელება, როგორიცაა კრწანისის ქუჩის სრული რეაბილიტაცია და გიორგი ნიკოლაძის ქუჩა N8-ში სანიაღვრე კოლექტორის და გზის საფარის მოწყობა/მოწესრიგება, რითაც მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული პრობლემები მოუგვარდება.
„პროექტები და ღონისძიებები უამრავია, რომელთა განხორციელება ჩვენი რაიონის მცხოვრებთა საკეთილდღეოდ მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- განაცხადა პრეზენტაციის დასასრულს ლევან ჯაფარიძემ.
ანგარიშის წარდგენას ადგილობრივი მოსახლეობა, კრწანისის გამგეობასთან არსებული სამოქალაქო საბჭოს წევრები, საკრებულოს და მაჟორიტარის ბიუროს აპარატის თანამშრომლები ესწრებოდნენ.