კრწანისის რაიონის გამგეობაში ტოლერანტობის დღესთან მიძღვნილი ღონისძიება თბილისის საკრებულოს მაჟორორიტარი წევრის ლევან ჯაფარიძის ინიციატივითა და ამავე რაიონის გამგეობის ორგანიზებით გაიმართა.
ღონისძიების ფარგლებში, საჯაროს სკოლის მოსწავლეების ნახატების გამოფენა თემაზე - „ტოლერანტული საქართველო“ შედგა.
როგორც ღონისძიებაზე აღინიშნა, კრწანისის რაიონი ყოველთვის გამოირჩეოდა კულტურული მრავალფეროვნებით. ჰარმონიულად თანაცხოვრობენ სხვადასხვა რელიგიისა, თუ ეთნიკური კუთვნილების მქონე ადამიანები, რისი დასტურსაც ძველ თბილისში გვერდიგვერდ მდგომი განსხვავებული რელიგიის საკულტო ნაგებობები წარმოადგენენ.
,,სწორედ ამიტომ, ჩემი ინიციატივითა და კრწანისის გამგეობის ორგანიზებით, მთელს ცივილიზებულ სამყაროსთან ერთად, ტოლერანტობის დღეს ჩვენც აღვნიშნავთ. ამ დღეს, განსხვავებული რელიგიის, ეთნიკური კუთვნილებისა და ეროვნების მქონე ადამიანებმა, კიდევ ერთხელ უნდა ვისაუბროთ ურთიერთპატივისცემაზე, განსხვავებულის მიმღებლობასა და შემწყნარებლობაზე’’,- ლევან ჯაფარიძემ.
ღონისძიების მიზანზე ბექა მიქაუტაძემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტოლერანტობის შესახებ ბავშვებში ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდების ადგილობრივ თვითმმართველობაში ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია.
ტოლერანტობის საერთაშორისო დღე 20 წელზე მეტია გაეროს გადაწყვეტილებით 16 ნოემბერს აღინიშნება და ხაზს უსვამს იმ პრინციპის მნიშვნელობას, რაც ჩვენი ყოველდღიური ურთიერთობების საფუძველს წარმოადგენს.