თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძე, დედაქალაქის მერთან კახა კალაძესთან და მერის მოადგილეებთან ირაკლი ბენდელიანთან და ანდრია ბასილაიასთან ერთად, ქეთევან დედოფლის გამზირზე დასრულებულ სამუშაოებს გაეცნო.
„მოხარული ვარ, რომ ჩემს სამაჟორიტარო რაიონში, მსგავსი მასშტაბის პროექტი განხორციელდა. თბილისს სრულად რეაბილიტირებული, თანამედროვე სტანდარტით მოწყობილი, ევროპული ტიპის გამზირი ექნება. რაც გარკვეულწილად ისნის რაიონს ტურისტებისთვის მიმზიდველი გახდის. ქეთევან დედოფლის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამოიყო სპეციალური ზოლი, მოეწყო მოსაცდელები, ველობილიკი, უსაფრთხოების კუნძულები და ქვეითთა გადასასვლელები, შესაბამისად ჩვენი მოქალაქეებისათვის გადაადგილება უფრო კომფორტული იქნება“. განაცხადა კახა ლაბუჩიძემ
ისნის რაიონში, ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დასრულდა და გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა სრულად აღდგენილია. პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ავლაბრის მოედნიდან ლეხ კაჩინსკის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთს ჩაუტარდა.
აღსანიშნავია, რომ ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაციის ფარგლებში, საფუძვლიანად შეიცვალა და განახლდა მიწისქვეშა და მიწისზედა საკომუნიკაციო ქსელები, მათ შორის, წყალმომარაგების, წყალარინების და გაზმომარაგების სისტემები; მოეწყო სანიაღვრე ქსელი და დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის LED სანათები; ელექტროსადენები მიწისქვეშ განთავსდა და დამონტაჟდა მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები; მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის სამფენიანი საფარი დაიგო.
ქეთევან დედოფლის გამზირის რეაბილიტაცია დედაქალაქის ბიუჯეტიდან 8 500 000 ლარით დაფინანსდა.