თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, კახა ლაბუჩიძემ, სსიპ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის 163-ე საჯარო სკოლის X-XI კლასის მოსწავლეებთან და სკოლის მასწავლებლებთან ერთად, ოკუპაციის მუზეუმი დაათვალიერა.
ღონისძიება, რომლის მიზანია ახალგაზრდა თაობა წარსულის ღირებულებებსა და ისტორიულ ფასეულობებს აზიაროს, საკრებულოს განათლებისა კულტურის კომისიის ინიციატივით ჩატარდა.
როგორც კახა ლაბუჩიძემ განაცხადა, 25 თებერვალი ქვეყნისთვის ტრაგიკული დღეა, რადგან 102 წლის წინ საბჭოთა რუსეთმა საქართველოს ოკუპაცია განახორციელა.
საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ უკრაინელ ხალხს სოლიდარობა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. როგორც კახა ლაბუჩიძემ აღნიშნა, სამწუხაროდ, ოკუპაცია დღესაც არ კარგავს აქტუალობას და მისი მასშტაბები სულ უფრო იზრდება.
„საქართველოს ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, ვმასპინძლობთ თბილისის საჯარო სკოლის მოსწავლეებს, რათა მომავალი თაობა ვაზიაროთ იმ ღირებულებებს, რომლებსაც სამშობლოს სიყვარული ჰქვია. წელს სიმბოლურად შევარჩიეთ ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის თბილისის 163-ე საჯარო სკოლა, რომელიც ვაზისუბანში მდებარეობს. ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრება და ღვაწლი საუკეთესო მაგალითია, თუ როგორ უნდა გავუფრთხილდეთ ეროვნულ საგანძურს და ვიდგეთ ისტორიის სადარაჯოზე. მე, როგორც ისნის რაიონის მაჟორიტარ წევრს, მსურს სკოლის მოსწავლეებს ვაჩვენო საბჭოთა ოკუპაციის ამსახველი ექსპოზიცია“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.
ღონისძიებას თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის თანამშრომლები და თბილისის 163-ე საჯარო სკოლის მასწავლებლები მელანო აბჟანდაძე და ლეილა კორიფაძე ესწრებოდნენ. ვიზიტორებმა საგამოფენო დარბაზში განთავსებული ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და საქართველოში საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის 70-წლიანი მმართველობის (1921-1991) ამსახველი ფოტო, ვიდეო და დოკუმენტური მასალა დაათვალიერეს.
ღონისძიების მხარდამჭერი და პარტნიორია სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.