თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ და ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძემ, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში საზოგადოებას ერთი წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
როგორც ანგარიშშია ნათქვამი, კახა ლაბუჩიძის თავმჯდომარეობით განათლებისა და კულტურის კომისიის 14 სხდომა გაიმართა, რომელზეც განხილულ იქნა 47 საკითხი.
მაჟორიტარის ანგარიში ასევე, მოიცავს როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობებს, ისე ისნის რაიონში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობისა და სოციალური მიმართულების პროექტებს.
კახა ლაბუჩიძემ თავის სამაჟორიტარო რაიონში განხორციელებულ პროექტებზე საუბრისას ყურადღება ქეთევან დედოფლის, მეტეხის ხიდის, ავლაბრის მეტროს და ავლაბრის მოედნის რეაბილიტაციაზე, ასევე საინგილოს ქუჩაზე, თანამედროვე სტანდარტებით გახსნილ ბაღზე გაამახვილა.
პრეზენტაციისას კახა ლაბუჩიძემ დამსწრე საზოგადოებას მისივე ინიცირებული პროექტების ჩამონათვალი გააცნო, მათ შორის არის თბილისის სათამაშოებისა და თოჯინების მუზეუმი, რომელიც საკრებულოს ისტორიულ შენობაში განთავსდება. ასევე, თბილისის საბიბლიოთეკო გაერთიანებასთან ერთად დაფუძნებული „წლის მკითხველის“ წოდება და ქართული სამუზეუმო კულტურის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დაწესებული ჯილდო, რომელიც იშვიათი, ნოვატორული ხედვის დიზაინერის დაჯილდოებას ისახავს მიზნად.
საკრებულოს წევრმა აღნიშნა, რომ ყოველწლიურად ჩატარდება ბავშვთა ფოლკლორული ფესტივალი, რომლის მიზანია თბილისის ბავშვთა ფოლკლორული გუნდების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
მისივე თქმით, მიმდინარე წელს განხორციელებული პროექტი „ოპერა შენს ეზოში“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის 170-ე საიუბილეო წელს მიეძღვნა.
კახა ლაბუჩიძის განცხადებით, 2021-2022 წელი, კულტურის მიმართულებით, უმეტესად პოსტპანდემიურ პერიოდს და მისი შედეგების აღმოფხვრა-შემსუბუქებას ემსახურებოდა.მისივე თქმით, საანგარიშო პერიოდში დაფინანსებულია თანამედროვე და კლასიკური მუსიკის, ფოტოგრაფიის, ლიტერატურის, კედლის ხელოვნების, კინო და სხვა მიმართულების 35-მდე ფესტივალი და 130-მდე პროექტი.
როგორც მან აღნიშნა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დაფინანსდა სასწავლო-შემოქმედებით პროცესში მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 660 მოსწავლე, ხოლო თბილისის მუნიციპალიტეტის ხელოვნების ხუთ სკოლაში დაფინანსდა არამოთხოვნადი სპეციალობების საშუალოდ 685 მოსწავლე. ასევე პროგრამის „ისწავლე და დასაქმდი“, ფარგლებში დაფინანსდა პროფესიული კოლეჯების მიერ წარმოდგენილი პროექტები.
საკრებულოს წევრმა სტუდენტთა დაფინანსების პროგრამებზეც ისაუბრა. მისი თქმით, სოციალურად დაუცველი სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაფინანსების მიზნით შემოსული 1400-მდე განცხადება დაკმაყოფილდა. ასევე,გაკეთდა დასაფინანსებელი სტუდენტების მონაცემთა ბაზა და პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1294 სოციალურად დაუცველი სტუდენტის სწავლის საფასური, ხოლო ამავე პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდა 20 შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტი და 112 მრავალშვილიანი ოჯახის წევრი სტუდენტის სწავლის საფასური.
ანგარიშის წარდგენისას კახა ლაბუჩიძემ მუზეუმების გაერთიანების საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, წლის მანძილზე ჩატარდა ონლაინ გამოფენები და საჯარო ლექციები, ასევე, 67 საგანმანათლებლო პროგრამა განხორციელდა.
მისივე თქმით, შეუფერხებლად გაგრძელდა მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების ფილიალების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები და მათი ინვენტარით აღჭურვა.
ანგარიშში ნახსენებია, რომ კახა ლაბუჩიძის ჩართულობით და შესაბამისი კომისიის გადაწყვეტილებით თბილისში ჟიული შარტავას და გურამ გაბესკირიას ბიუსტები განთავსდა.
როგორც საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის საქმიანობის ანგარიშშია აღნიშნული, მისი უშუალო ინიციატივით, 30-ზე მეტი ფართომასშტაბიანი, კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიება ჩატარდა.
ანგარიშის წარდგენას თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს წევრები, თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორი კახაბერ გვანცელაძე, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, თბილისის მუნიციპალიტეტის კულტურული პროექტების კომისიის ხელმძღვანელები, ისნის რაიონის გამგებელი ნიკა ელისაშვილი, ისნის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრების, ბაღების და სკოლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.