თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და კრწანისის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ლევან ჯაფარიძესთან, ერთად ქართველი პოეტისა და საზოგადო მოღვაწის, იოსებ გრიშაშვილის, იუბილესთან დაკავშირებით ღია მუზეუმის გახსნას დაესწრო.
ღონისძიება, რომელიც კრწანისის რაიონის გამგეობის ორგანიზებით მოეწყო, იოსებ გრიშაშვილის სახელობის სკვერში გაიმართა.
როგორც ლევან ჯაფარიძემ აღნიშნა, სკვერის რეაბილიტაცია 2019 წელს მოხდა და მას იოსებ გრიშაშვილის სახელი ეწოდა.
„ჩვენთვის ძალიან ძვირფასია იოსებ გრიშაშვილის სახელი და ამიტომ შემოვიღეთ ე.წ. „გრიშაშვილობა“, რომელსაც კრწანისის რაიონის გამგეობის დახმარებით ყოველწლიურად აღვნიშნავთ“, - განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.
დღეს სკვერი ძველი თბილისის სტილში იყო გაფორმებული. გადმოიკიდა ძველებური ხალიჩები და წარმოდგენილი იყო თეატრალიზებული სანახაობა.
ღონისძიება იოსებ გრიშაშვილის სახელობის ღია მუზეუმის გახსნით დაიწყო. წარმოდგენილი იყო მუსიკალური ნომრები და ფრაგმენტები ფილმებიდან და სპექტაკლებიდან. სკვერში განთავსებული იყო რეტრო ფოტო გალერეა სხვადასხვა რეკვიზიტითა და ძველი ქართული სამოსით, რომელთა მორგება და ფოტოების გადაღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო. საღამოს მონაწილეებმა იოსებ გრიშაშვილის ლექსები წაიკითხეს, ასევე ქართული ცეკვები და მუსიკალური ნომრები შეასრულეს.
ღონისძიებას ასევე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ აბაშიძე, საკრებულოს წევრები, თბილისის მერის მოადგილეები, პარლამენტის წევრები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.