თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რევაზ სოხაძის ინიციატივით, თბილისის მერიის ახალი პროექტის „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“ ფარგლებში ვარკეთილი 3-ში მდებარე N169 საბავშვო ბაღის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო.
როგორც საკრებულოს დეპუტატმა რევაზ სოხაძემ აღნიშნა, დედაქალაქის მთავრობის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს გამწვანება და თბილისში მეტი რეკრეაციული სივრცის უზრუნველყოფით ეკოლოგიურად სუფთა, ჯანსაღი გარემოს შექმნა წარმოადგენს.
„დღეს მთავრობის სხდომაზე მნიშვნელოვანი ინიციატივა გაჟღერდა, ეს არის „გაამწვანე თბილისის ბაგა-ბაღები“ , რაც თბილისში არსებული ბაგა-ბაღების ეზოების გამწვანებას გულისხმობს. მნიშვნელოვანია პატარების ჩართულობაც, რადგან ისინი თავად იღებენ ხეების დარგვაში მონაწილეობას. აღნიშნული პროექტი ბაღების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება. ჩვენს ქალაქში მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტერიტორიის რეკრეაციული დატვირთვით გამოყენება“ განაცხადა რევაზ სოხაძემ
გამწვანების ღონისძიებაში, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" თავმჯდომარე ოთარ გრიგოლია, თბილისის საკრებულოს წევრები ნინო ვარდოსანიძე, ლევან არველაძე, ლევან აბაშიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პაატა ტოგონიძე, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები და აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
თბილისის ბაგა-ბაღების გამწვანების პროექტის ფარგლებში N169 საბავშვო ბაღის ეზოს გამწვანება დაიწყო, რომელიც თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა და შპს „ეკოსერვის ჯგუფმა“ განახორციელა, სადაც 150-მდე ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი, კერძოდ, ჰიმალაის კედარი, მინდვრის ნეკერჩხალი, ატლასის კედარი და იფანი დაირგო.