თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, 32-ე საჯარო სკოლას ბაბუშერას აეროპორტში დაღუპული ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსნის, ბესარიონ კივილაძის და 2008 წლის ომში დაღუპული კაპიტნის, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსნის, ალექსანდრე თანდაშვილის, სახელი მიენიჭა. ამასთანავე, სკოლაში გმირების სახელების უკვდავსაყოფად მათი მემორიალური დაფაც გაიხსნა. ღონისძიებას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახა ლაბუჩიძე და საკრებულოს წევრები ირაკლი ხელაძე და დავით ხუჯაძე ესწრებოდნენ.
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს სიტყვით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემაც, მიმართა და განაცხადა, რომ დედაქალაქის საკრებულოსთვის დიდი პატივია მონაწილეობა მიიღოს ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. მისივე თქმით, ბესარიონ კივილაძის და ალექსანდრე თანდაშვილის გმირობა სამაგალითო იქნება ყველა იმ მოსწავლისთვის, რომლებიც ამ სკოლაში სწავლობენ.
„დღეს ჩვენ ვიმყოფებით 32-ე საჯარო სკოლაში, რათა უკვდავვყოთ იმ გმირების სახელები, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის თავი გაწირეს. მინდა მადლობა გადავუხადო და ქედი მოვიხარო მათი დედების წინაშე, რომლებმაც სამშობლოს ასეთი გმირები აღუზარდეს. სწორედ ამ გმირების დამსახურებაა, რომ დღეს საქართველო დამოუკიდებელია, თუმცა დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა კვლავაც გრძელდება. ასევე სიმბოლურია დღეს ჩვენი აქ ყოფნა, მაშინ, როცა ხვალ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს ვზეიმობთ და პატივს მივაგებთ გმირებს, რომლებმაც სამშობლოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და ნათელი მომავლისათვის საკუთარი სიცოცხლე გაიღეს. ვფიქრობ, 32-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სამაგალითო და საამაყო იქნება ბესარიონ კივილაძის და ალექსანდრე თანდაშვილის გმირობა“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
32-ე საჯარო სკოლისთვის ბესარიონ კივილაძის და ალექსანდრე თანდაშვილის სახელის მინიჭების პროცესში საკრებულოს ჩართულობასა და აღნიშნული გადაწყვეტილების მნიშვნელობაზე განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ ისაუბრა. მისი თქმით, გმირთა სახელების უკვდავყოფა და მათ გმირობის მომავალი თაობისთვის გადაცემა ყველა ჩვენგანის ვალია.
დამსწრე საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს საკრებულოს წევრებმა: ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა ირაკლი ხელაძემ და 32-ე საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა ალექსანდრე ხუჯაძემ.
თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად ღონისძიებას თავდაცვის და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების, აფხაზეთის ავტონომიური მთავრობის წარმომადგენლები და დაღუპული გმირების ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.