თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ირაკლი ხელაძემ საქმიანობის წლიური ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაციაზე ირაკლი ხელაძემ ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის, ასევე, მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლობის ერთწლიანი საქმიანობა შეაჯამა.
საკრებულოს წევრმა ნაძალადევის რაიონში განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისა და პროგრამების შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წლის დეკემბრიდან დღემდე ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის 32 სხდომა ჩატარდა, სადაც 317 საკითხი იქნა განხილული.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა კოოპერატიული და დაუსრულებელი ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დასახმარებლად მიღებული გადაწყვეტილებებია, რომლის ფარგლებშიც, 341 ოჯახს საერთო ჯამში, 56 000-მდე კვ.მ ფართობი მიწის ნაკვეთი გადაეცა.
ირაკლი ხელაძემ პრეზენტაციისას ყურადღება გაამახვილა ქალაქის მერიისა და თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე, რის საფუძველზეც გრძელდება საცხოვრებელი ფართების დაკანონება იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობენ დაკავებულ ფართებში. ასევე ისაუბრა თბილისში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების განკარგულების პროექტებზე, რის საფუძველზეც ნაძალადევის რაიონში მცხოვრებ მოქალაქეებს საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ.
დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს დეპუტატმა ანგარიშის წარდგენისას აღნიშნა, რომ ნაძალადევის რაიონში გამგეობის მიერ განხორციელებული პროექტებისა და პროგრამებისთვის ჯამში, 19 მილიონამდე ლარი დაიხარჯა. სხვადასხვა ტიპის საგზაო სამუშაოები შესრულდა და პროცესი კვლავ გრძელდება. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში კი არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა: საცხოვრებელ კორპუსებში შეკეთდა სახურავები, განხორციელდა ლიფტების მოწყობა-რეაბილიტაცია და რამდენიმე მიწისქვეშა კომუნიკაციაც შეიცვალა.
ანგარიშის თანახმად, მიმდინარე წელს ნაძალადევის რაიონში ორი ახალი რეკრეაციული სივრცე, სპორტული მოედნები, მინი სტადიონი და საბავშვო-გასართობი ატრაქციონები მოეწყო.
ირაკლი ხელაძემ საანგარიშო პერიოდში სამედიცინო დანიშნულების მომსახურების მიზნით გაწეულ დაფინანსებებზეც გაამახვილა ყურადღება, რის საფუძველზეც ბენეფიციარებს ფინანსური დახმარება გაეწიათ.
„მომავალ წელს ბევრი კარგი ინიციატივა გვაქვს, რაც ჩვენი ქალაქის განვითარებას და მოსახლეობის კეთილდღეობას შეუწყობს ხელს“ - აღნიშნა პრეზენტაციის დასასრულს ირაკლი ხელაძემ.
ანგარიშის წარდგენას, საკრებულოს წევრები, ნაძალადევის რაიონის გამგებელი და მოქალაქეები ესწრებოდნენ.