თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარმა წევრმა ზურაბ ჩიკვილაძემ წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა.
პრეზენტაცია თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის წარმომადგენლობაში გაიმართა.
ზურაბ ჩიკვილაძე დამსწრე საზოგადოებას, როგორც საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის და ასევე ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი წევრის რანგში გაწეული საქმიანობის შესახებ ესაუბრა.
საანგარიშო პერიოდში ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიამ თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, ორგანიზება გაუწია 16 კომისიის სხდომის ჩატარებას. კომისიის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული 45 საკითხი, რომლებზეც შესაბამისი ოქმები და დასკვნები მომზადდა.
ზურაბ ჩიკვილაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საანგარიშო პერიოდში 15 ჩატარებული სხდომის მონაწილეა. აღნიშნულ სხდომებზე 649 განკარგულება და 112 დადგენილება იქნა მიღებული.
ზურაბ ჩიკვილაძემ ანგარიშის პრეზენტაციისას ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით განსაზღვრული დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ 35 პროგრამა-ქვეპროგრამაზე ისაუბრა, რომლის ბიუჯეტი 153 612 200 ლარია და იმ მოქალაქეებს მოიცავს, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ გვერდში დგომა.
ანგარიშის თანახმად, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით გამოყოფილია 26690900 ლარი, სოციალური დაცვის მიმართულებით ბიუჯეტი შეადგენს 126921300 ლარს. ამავე მიმართულებით მოქმედებს 7, სოციალური დაცვის მიმართულებით 28 პროგრამა და ქვეპროგრამა.
პრეზენტაციაზე, საკრებულოს წევრმა აქცენტი მიმდინარე წლის მნიშვნელოვან გზავნილებზე გააკეთა.
„ძუძუს კიბოს დიაგნოზის მქონე არცერთი მკურნალობის მიღმა დარჩენილი ქალი - თბილისის მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს, ამ დიაგნოზის მქონე პირთა მედიკამენტებით დაფინანსებას, ასევე სკრინინგ პროგრამაში უფასოდ ჩართვას. დედაქალაქის ბიუჯეტიდან 230 ათასი ლარით ფინანსდება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, წლიდან წლამდე იზრდება შშმ მიმართულებით არსებული მუნიციპალური პროგრამები; საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსება (500ლარიანი ვაუჩერით); უსახლკარო ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართის შეძენა, მცირე საოჯახო ტიპის სახლებიდან გასული, სრულწლოვანი პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფთა და სხვა პრობლემების მქონე პირთა მომსახურება“,- ნათქვამია ანგარიშში.
გარდა ამისა, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრმა, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის ინიციატივით გამართულ არაერთ აქტივობაზე ისაუბრა. მათ შორის აღსანიშნავია, საკრებულოს წევრების და თანამშრომლების მოძმე უკრაინელების მედიკამენტებით დახმარების კამპანიაში მონაწილეობა.
ზურაბ ჩიკვილაძემ მისი, როგორც საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი წევრის მიერ გაწეულ საქმიანობაზე საუბრისას ყურადღება მთავარ პრიორიტეტებზე გაამახვილა.
„ამ უძველესი და ულამაზესი რაიონის მცხოვრებთა პრობლემების მოგვარება, არაერთ პროგრამასა და პროექტში, მათ შორის უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებში ჩართულობაა, რომელიც თბილისის მერიის მხრიდან ხორციელდება“,- განაცხადა საკრებულოს წევრმა.
ზურაბ ჩიკვილაძე საკრებულოს განათლების და კულტურის კომისიის წევრია. საანგარიშო პერიოდში აღნიშნული კომისიის მიერ ჩატარებულ 12 სხდომას დაესწრო და 43 საკითხი შეისწავლა. ამასთან ერთად, ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე არის ფრაქციის "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო"-ს წევრი. საანგარიშო პერიოდში ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრო ფრაქციის მიერ ჩატარებულ 21 სხდომას და 40 საკითხი შეისწავლა.
დღესვე, ზურაბ ჩიკვილაძესთან ერთად, კომისიის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში, საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრებმა ანა კაკაბაძემ და ლევან აბაშიძემ წარადგინეს.
ანა კაკაბაძემ და ლევან აბაშიძემ კომისიის ფარგლებში გაწეული საქმიანობის შესახებ ისაუბრეს და საზოგადოებას დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია დეტალურად მიაწოდეს.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, ჩუღურეთის რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ზურაბ ბაქანიძე, მისი მოადგილეები, გამგებლის მრჩეველთა საბჭოს წევრები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.