ვარკეთილში მცხოვრებ 35 ოჯახს, რომლებიც ავარიულ კორპუსებში ცხოვრობდნენ, დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ საცხოვრებელი ფართები გადასცა. ოჯახები, დედაქალაქის მერიისგან, სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო თანხებსაც მიიღებენ. ფართების გადაცემას თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რევაზ სოხაძე ესწრებოდა. მან მოსახლეობას საცხოვრებელი ფართების გადაცემა მიულოცა და განაცხადა, რომ ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროგრამა დაწყებულია და დედაქალაქი მერია ძველ კორპუსებს ახლით ეტაპობრივად ჩაანაცვლებს.
რევაზ სოხაძის თქმით, პროგრამის განხორციელება სწორედ ვარკეთილიდან დაიწყო, როდესაც 2019 წელს, ავარიულ კორპუსებში მცხოვრები ოჯახების ფართებით დაკმაყოფილების მიზნით, ვარკეთილის მე-3 მასივში მდებარე მიწის ნაკვეთზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა. რევაზ სოხაძის თქმით, ინტერესთა გამოხატვაში კომპანია „ვარკეთილი დეველოფმენთმა“ გაიმარჯვა და კომპანიამ აიღო ვალდებულება, 7 545 კვადრატული მეტრი ჯამური ფართის მქონე ბინები, თეთრი კარკასის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტისთვის გადაეცა. რევაზ სოხაძის განცხადებით, მუნიციპალიტეტმა კომპანიისგან სულ 142 ერთეული ბინა მიიღო. სამგორის რაიონის მაჟორიტარის თქმით, ამ დროისთვის დარჩენილია 107 ბინა, რომელიც ასევე, ვარკეთილის ტერიტორიაზე, ავარიულ კორპუსებში მცხოვრებ ოჯახებს გადაეცემა.
ფართების გადაცემის ღონისძიებას დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან და თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ, რევაზ სოხაძესთან ერთად, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი ირაკლი თავართქილაძე, სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე და სამშენებლო კომპანია „არქის“ დამფუძნებელი ილია წულაია ესწრებოდნენ.