ვაკის პარკში 1923 წელს დახვრეტილი ქართველი მამულიშვილების ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის, სასანთლის და ქვაჯვარის გახსნის ცერემონია გაიმართა. ქვაჯვარის ქანდაკება ყვავილებით თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, თბილისის მერმა კახა კალაძემ და პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, შეამკეს, ამის შემდეგ საპატრიარქოს წარმომადგენლებმა 1923 წელს დახვრეტილი ქართველი მამულიშვილების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადეს.
„ზუსტად 100 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე ანტისაბჭოთა აჯანყების მოწყობის მცდელობისთვის საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტის სამხედრო ცენტრის წევრები დახვრიტეს. ეს არიან ის ადამიანები, რომლებიც იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის და მის დამოუკიდებლობას სიცოცხლე შესწირეს. დღეს ჩვენ შევიკრიბეთ იმ ადგილას, სადაც მათი ხსოვნის პატივსაცემად შესაბამისი სივრცე შეიქმნა. ყოველი ჩვენგანის ვალია, არსდროს დავივიწყოთ ამ ადამიანების ღვაწლი და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ.
1923 წელს საერთო-სახალხო შეიარაღებული წინააღმდეგობის - ,,სამხედრო ცენტრის" - 15 ხელმძღვანელი საბჭოთა უშიშროების სამსახურმა დააკავა და ანტისაბჭოთა აჯანყების მცდელობის ბრალდებით დახვრიტა. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, განაჩენი დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე მოიყვანეს სისრულეში.