თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე დედაქალაქის მერთან, კახა კალაძესთან, ერთად უნივერსიტეტის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
ამჟამად პროექტის პირველი ეტაპი მიმდინარეობს, რომლის დროსაც ქუჩაზე მთლიანად შეიცვლება და განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები. მათ შორის იცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე, გაზმომარაგების და სხვადასხვა საჰაერო ქსელი, რომლებიც მიწისქვეშა კაბელ-არხებში განთავსდება.
„უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. ქუჩაზე სრულად გამოიცვლება მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოხდება გზის გაგანიერება. როგორც იცით, შემოდგომაზე დასრულდება ბაგების ხიდის მშენებლობა და ნაკადების გადანაწილების თვალსაზრისით უნივერსიტეტის ქუჩის გაფართოება კიდევ უფრო აქტუალური ხდება. ვიცით, რომ ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას გარკვეული დისკომფორტი ახლავს, თუმცა შედეგობრივად ეს აუცილებელი და ჩვენი ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. საბოლოოდ ჩვენ მივიღებთ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს და რეაბილიტირებულ ქუჩას ჩვენს ქალაქში“, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
აღსანიშნავია, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში 1 600 მეტრი სიგრძის გზის სავალ ნაწილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა ტროტუარები და გარე განათების ქსელი, დამონტაჟდება ახალი LED ლამპიონები. ტერიტორიაზე ჩატარდება გამწვანების სამუშაოები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა შშმ პირებისთვის ადაპტირდება.