თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე პარლამენტის წევრთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატთან ნოდარ ტურძელაძესთან, თბილისის მერის მოადგილესთან კახა გულედანთან და ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, რაიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, აბაშიძის N41-ში ეზო განახლდა და დასასვენებელი სივრცე კეთილმოეწყო. სამუშაოების ფარგლებში, 1300-მდე კვ. მ ფართობის ტერიტორიაზე გზის საფარი რეაბილიტირდა, 450 კვ. მ ფართობზე კი დასასვენებელი სივრცე მოეწყო. სკვერის სივრცეში განახლდა სპორტული მოედანი, დამონტაჟდა საპარკე ავეჯი, კეთილმოეწყო საბავშვო-გასართობი მოედანი, დაირგო მცენარეები.
გიორგი ტყემალაძის განცხადებით, ვაკის რაიონში კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცე მოეწყო.
„ვაკის რაიონში, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კიდევ ერთი დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა დასრულდა. ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, კეთილმოწყობითი სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება“,- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
საგზაო და კეთილმოწყობის პროექტების ჯამური ღირებულება 170 000 ლარია.