თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარი გიორგი ტყემალაძე, დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს ფრაქციის „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარესთან ოთარ გრიგოლიასთან ერთად, ვაკის რაიონის გამგებლის დავით კვინიკაძის მიერ 2022 წლის განმავლობაში შესრულებული საქმიანობის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.
ღონისძიებაზე გამგებელმა ყველა იმ პროექტზე ისაუბრა, რაც მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში და მოსახლეობის ჩართულობით განხორციელდა.
ანგარიშის მიხედვით, ინფრასტრუქტურულ მიმართულებაზე 2022 წელს გათვალისწინებული იყო 11 335 700 ლარი. მოეწყო და გამწვანდა 11 დასასვენებელი სივრცე (მათ შორის 8 სრულიად ახალი), 3 მისამართზე რეაბილიტირდა სკვერები. განხორციელდა მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N14 და N19 კორპუსების მიმდებარედ 22 ავტოფარეხის დემონტაჟი მოხდა, კონსტრუქციების ნაცვლად კი, კეთილმოწყობილი გამწვანებული სივრცეები მოეწყო.
სპორტის პოპულარიზაციის და ხელშეწყობის მიზნით, 10 მისამართზე სპორტული მოედნები მოეწყო - 5 მისამართზე ახალი სტადიონები აშენდა, 5 მისამართზე კი, არსებული მოედნების რეაბილიტაცია განხორციელდა.
საგზაო ინფრასტრუქტურა 154 მისამართზე განახლდა - მოწესრიგდა 63 510 კვ. მ ფართობის გზა.
ანგარიშში ნათქვამია, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სხვადასხვა სახის 205 სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა. მრავალბინიანი კორპუსების გადახურვა 48 მისამართზე განახლდა, წყალსაწრეტი მილები 25 მისამართზე დამონტაჟდა, 30 მისამართზე მოხდა წყალარინების შიდა ქსელების რეაბილიტაცია, 8 მისამართზე საერთო სარგებლობის კიბეები განახლდა, სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაცია 3 მისამართზე განხორციელდა, ლიფტები 63 მისამართზე რეაბილიტირდა, სადარბაზოების კარები კი, 22 მისამართზე გამოიცვალა.
2022 წელს ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულების პროგრამისთვის გათვალისწინებული 3 320 800 ლარის ფარგლებში ერთჯერად ფულად დახმარებაზე 2927 განაცხადი დაფინანსდა, მედიკამენტებით დახმარება გაეწია 4230 მოქალაქეს, სამედიცინო მომსახურება 1359 განმცხადებელს დაუფინანსდა. სამშენებლო მასალების დაფინანსება 122 მოქალაქემ მიიღო. ბინის ქირა კი ამ დროისთვის 149 ოჯახს უფინანსდება.
ასევე, 2022 წელს ვაკის რაიონში ოთხი სპორტული, სამი საბავშვო და ერთი ახალგაზრდული ღონისძიება ჩატარდა.
ვაკის გამგეობის 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაციას ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნოდარ ტურძელაძე, დედაქალაქის მერის მოადგილე კახა გულედანი, სხვადასხვა რაიონის გამგებლები, მაჟორიტარი დეპუტატები და ვაკის რაიონში მცხოვრები მოქალაქეები დაესწრნენ.