თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე, ვაკის რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად, რაიონში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. როგორც გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, ვაკის რაიონის გამგეობა, რაიონის სხვადასხვა უბანში ინფრასტრუქტურის მოწყობას განაგრძობს. მისივე თქმით, ამჯერად, ნუცუბიძის I მ/რ-ის N5 და N6 კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე, უსაფრთხოების მიზნით, დამცავი კედელი შენდება. პროექტის ფარგლებში, 21 მეტრი სიგრძის ახალი კედელი ეწყობა, რაც ფერდობის ჩამოშლის და საცხოვრებელი კორპუსის დაზიანების პრევენციაა.
ამას გარდა, გიორგი ტყემალაძე და დავით კვინიკაძე ნუცუბიძის IV მ/რ-შიც იმყოფებოდნენ, სადაც N22-29 კორპუსების მიმდებარედ გზა მოწესრიგდა.
პროექტის შედეგად, რეაბილიტაცია 3200 კვ. მ ფართობის დაზიანებულ, შიდაკვარტალურ გზას ჩაუტარდა. სამუშაოების ფარგლებში, დაიგო ასფალტის ახალი საფარი, დამონტაჟდა ახალი ბორდიური, რის შედეგადაც გადაადგილება უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა.