თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ტყემალაძე პარლამენტის ვაკის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან, ნოდარ ტურძელაძესთან და რაიონის გამგებელთან, დავით კვინიკაძესთან ერთად ირაკლი აბაშიძის N41-ში იმყოფებოდა, სადაც დასასვენებელი სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
სამუშაოების პირველ ეტაპზე დაზიანებული ინვენტარის დემონტაჟი მიმდინარეობს.
შემდეგ ეტაპზე განახლდება სკვერის სივრცე, დამონტაჟდება შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო-გასართობი ზონა, დასასვენებელი პავილიონი და გამწვანდება სკვერი.
„ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი დასასვენებელი და გამაჯანსაღებელი სივრცეების შექმნა და უკვე არსებულის რეაბილიტაცია-განახლებაა. ვაკის რაიონში, აბაშიძის 41 -ში სარეკრეაციო სივრცის რეაბილიტაცია დაიწყო. 450 კვ.მ ფართობზე განახლდება არსებული სივრცე, დამონტაჟდება საპარკე ინფრასტრუქტურა, მოეწყობა საბავშვო გასართობი ზონა და სკვერი შეივსება მწვანე ნარგავებით. ქალაქის ცენტრში თბილისელებს დასვენების კიდევ ერთი კეთილმოწყობილი სივრცე ექნებათ”, - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
სკვერის რეაბილიტაცია ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში ხორციელდება.