თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ, გლდანის რაიონში „მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების" აკაკი ბაქრაძის სახელობის მე-18 ბიბლიოთეკის ახლადრეაბილიტირებული შენობა თბილისის მერთან, კახა კალაძესთან, დედაქალაქის განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ლაბუჩიძესთან, გლდანის მაჟორიტარ დეპუტატ კონსტანტინე ზარნაძესთან და გაერთიანების ხელმძღვანელთან ერთად დაათვალიერა.
ბიბლიოთეკის შენობა კაპიტალურად შეკეთდა, განახლდა ინფრასტრუქტურა და გაფართოვდა წიგნადი ფონდი. ფილიალი სრულ შესაბამისობაშია თანამედროვე სტანდარტებთან. ბიბლიოთეკა სრულად არის აღჭურვილი, რათა უმასპინძლოს წარდგენებსა და სხვადასხვა სახის სახელოვნებო თუ საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებს.
„წიგნზე მუშაობა განსაკუთრებულ გარემოს საჭიროებს, ასეთი ატმოსფერო კი მხოლოდ კეთილმოწყობილ სივრცეში შეიძლება იყოს. მკითხველისათვის შესაფერისი გარემოს შექმნა ჩვენი საზრუნავია. სწორედ ამ მიზნით დედაქალაქის მერიის ძალისხმევით დღეს კიდევ ერთი განახლებული საბიბლიოთეკო სივრცე შეემატა ქალაქს", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
განახლებული ბიბლიოთეკის პროექტის ავტორები არიან არქიტექტორები ზაზა იაშვილი და სოფო მაჭავარიანი.