საკრებულოს წევრმა შეკრებილ საზოგადოებას დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოში საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა და თბილისის საკრებულოს მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.
გივი ჩხარტიშვილმა, ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს იმ განკარგულებაზე გაამახვილა ყურადღება, რომლის საფუძველზეც თბილისელებს დიღმის მასივში მონაცვლეობის წესით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სპორტული ინფრასტრუქტურა (დიღმის საცურაო აუზი) დაუბრუნდათ.
ანგარიშის წარდგენისას გივი ჩხარტიშვილმა საანგარიშო პერიოდში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის წევრის რანგში გაწეულ საქმიანობაზეც გაამახვილა ყურადღება. აღნიშნა, რომ კომისიამ არაერთ მნიშვნელოვან პროექტზე გასცა დადებითი დასკვნა. მათ შორის მხარი დაუჭირა „თბილისის სპორტისა და ახალგაზრდობის ცენტრის“ შექმნას, წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესის დამტკიცებას.
გივი ჩხარტიშვილმა ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრის რანგში კომისიის მიერ გაწეულ საქმიანობაზეც ისაუბრა. აღნიშნა, რომ კომისიამ განიხილა და მხარი დაუჭირა დედაქალაქისა და თბილისელებისთვის ძალიან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
მისივე თქმით, წელს, რამდენჯერმე და მნიშვნელოვნად გაიზარდა დედაქალაქის ბიუჯეტი, რამაც შესაძლებელი გახადა დაწყებულიყო ავარიული კორპუსების ჩანაცვლების პროექტის განხორციელება. ასევე, გაიზარდა საქალაქო ტრანსპორტის სუბსიდირება, გაიზარდა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობა, ამოქმედდა ქვეპროგრამა, რომელიც 60 წელს გადაცილებულ თბილისელებს მუნიციპალური სპორტული სავარჯიშო ინფრასტრუქტურით სრულიად უფასოდ სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს.
გივი ჩხარტიშვილის ინფორმაციით, მოქალაქეთა მიმართვის საფუძველზე მან, როგორც საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა, დააყენა 300-ზე მეტი შუამდგომლობა, რომელთა უმრავლესობა დაკმაყოფილდა. მანვე, აღნიშნა, რომ თბილისის მერის ინიციატივით დაწყებული მოქალაქეებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროგრამის ფარგლებში, დიდუბის რაიონში მცხოვრებ 20 ოჯახს, რომლებიც საცხოვრებელს წლობით ვერ იკანონებდნენ, ფართები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ.
ანგარიშის პრეზენტაციისას საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა დიდუბის რაიონში მისი ჩართულობით ადგილობრივი ბიუჯეტიდან და მერიის დაფინანსებით განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრა.
შეკრებილებს მიაწოდა ინფორმაცია აკაკი წერეთლის გამზირის რეაბილიტაციის მასშტაბური პროექტის შესახებ და აღნიშნა, რომ ყველა ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა საკრებულოს, დედაქალაქის მერიის, მუნიციპალური სამსახურების და დიდუბის რაიონის გამგეობის კოორდინირებული თანამშრომლობით.
გივი ჩხარტიშვილმა ანგარიში დიდუბის გამგეობაში წარადგინა. პრეზენტაციას დიდუბისა და დიღმის რაიონის მოსახლეობა, თბილისის საკრებულოსა და საქართველოს პარლამენტის წევრები, დედაქალაქის მერიისა და დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები, ასევე საპატიო დიდუბელები ესწრებოდნენ.