„ჩემთვის პატივია, თბილისის მუნიციპალიტეტის მეშვიდე მოწვევის საკრებულოს წევრის და დიდუბის რაიონის მაჟორიტარის რანგში წარვდგე ანგარიშით თქვენ წინაშე, მოგაწოდოთ დეტალური ინფორმაცია ბოლო 12 თვის განმავლობაში გაწეული სამუშაოების შესახებ, რადგან სწორედ თქვენ მიერ მონიჭებული მანდატი მაძლევს საშუალებას ვემსახურო ჩემს ქალაქს, ვემსახურო დიდუბის რაიონში მცხოვრები თითოეული ადამიანის ინტერესებს.
თქვენთან საუბარი, დისკუსია, შეხვედრა და ასე მიღებული ინფორმაცია გვეხმარება, რომ ჩვენი ქალაქი გახდეს უფრო თანამედროვე, სოლიდარული, მწვანე, სიცოცხლით და სიყვარულით სავსე მშვიდობის ქალაქი“, - ასე დაიწყო ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენა გივი ჩხარტიშვილმა.
თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს საქმიანობაზე საუბრისას რამდენიმე პროექტზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც 12 მეტროსადგურის სრული რეაბილიტაცია განხორციელდება.
ისაუბრა ცვლილებებზე, რომელთა თანახმად, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას თბილისელებს მერია 120 000 ლარის ფარგლებში სრულად უფინანსებს; ასევე აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამის წესში შესულ ცვლილებებზე, რამაც მერიას უკვე 1 850 ბენეფიციარის დაფინანსების შესაძლებლობა მისცა.
გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისელებისთვის მნიშვნელოვანი არაერთი პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა დედაქალაქის ბიუჯეტის რეკორდული ზრდით, რომელმაც საანგარიშო პერიოდისთვის 1 მილიარდ 833 მილიონ ლარს მიაღწია.
როგორც საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა და ურბანული განვითარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის წევრმა, გივი ჩხარტიშვილმა ისაუბრა მულტიფუნქციურ კომპლექსებზე, რომელთა მშენებლობაც დედაქალაქში იგეგმება, მათ შორის კომპლექსზე, რომელიც ლაგუნა ვერეს ტერიტორიაზე გაშენდება და რომლის დასრულების შემდეგ თბილისს ევროპული სტანდარტის სპორტული კომპლექსი ექნება.
„დედაქალაქისთვის და დიდუბის რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო წელს. ეს გახლავთ აკაკი წერეთლის გამზირის სრული რეაბილიტაცია. 30-მილიონიანი პროექტის ფარგლებში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
მასშტაბური პროექტის ფარგლებში ორმოცდაათწლიანი ისტორიის განმავლობაში დიდუბის ხიდს პირველად ჩაუტარდა სრული, კაპიტალური რეაბილიტაცია. ახლა მონტაჟდება დეკორატიული მინათებები და სამუშაოებზე საერთო ჯამში 4 მლიონ 5 ათასი ლარი დაიხარჯება“, - განაცხადა ანგარიშის წარდგენისას საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა.
გივი ჩხარტიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მალე დასრულდება კუნძულ ტექსელის სახელობის სკვერის და ხეივნის რეაბილიტაცია და ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტზე 8 მილიონ ლარამდე იხარჯება.
ანგარიშის წარდგენისას მან მნიშვნელოვანი დრო დაუთმო დიდუბის რაიონში გამგეობის მიერ განხორციელებულ პროექტებს.
როგორც გივი ჩხარტიშვილმა აღნიშნა, 2023 წლის დასაწყისში დიდუბის რაიონის ბიუჯეტი 16 მილიონ 262 400 ლარი იყო, თუმცა თითქმის 3 მილიონით გაიზარდა და შეადგინა 19 მილიონ 276 602 ლარი.
გივი ჩხარტიშვილმა ისაუბრა დიდუბის რაიონში ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე დაიხარჯა 4 მილიონ 81 ათასი ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებზე - 4 მილიონ 407 ათას 544 ლარი, მოქალაქეთა საჭიროებები დაფინანსდა 1 მილიონ 206 ათას 840 ლარით. მათ შორის 386 ათას 874 ლარი გაიცა მედიკამენტებისთვის, 192 ათას 960 ლარით დაფინანსდა მოქალაქეთა ამბულატორიული მკურნალობა, 54 ათას 648 ლარით - სტაციონარული მკურნალობა; 34 ათას 028 ლარი გამოიყო დავალიანებების დასაფარად და 538 ათას 330 ლარი - მოქალაქეთა ერთჯერადი თუ სხვა ტიპის ფინანსური დახმარებისთვის.
„ყოველი ოთხშაბათი საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარის ბიუროში მოქალაქეთა მიღების დღეა. თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოქალაქეთა მიღება ხდება ნებისმიერ სამუშაო დღეს, მათ შორის თბილისის საკრებულოში. აგრეთვე აქტიურად ვმართავთ მოქალაქეებთან გასვლით შეხვედრებს ბიუროს თანამშრომლებთან ერთად. დიდუბის გამგებელ ლადო ძნელაძესთან და გამგეობის თანამშრომლებთან ერთად ვეცნობით ინიციატივებს, ასევე საკითხებს, რომლებიც მოქალაქეებს აწუხებთ.
სამაჟორიტარო ოლქში მოქალაქეებთან უშუალო კომუნიკაციის გარდა ჩემი ბიუროს თანამშრომლები ახორციელებენ თითოეული სატელეფონო ზარისა თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული შეტყობინებების მონიტორინგს და კომპეტენციის ფარგლებში მათ ვუწევთ შესაბამის შუამდგომლობას“, - აღნიშნა თბილისის საკრებულოს დიდუბის მაჟორიტარმა.
გივი ჩხარტიშვილის თქმით, დიდუბის რაიონი კვლავ ერთ-ერთი ლიდერია ძველი ავტოფარეხების მწვანე სივრცეებით ჩანაცვლებით და წელს მათ დიდუბის გამგეობაში სარეკრეაციო ზონების მოწყობის და სკვერის რეაბილიტაციის შესახებ ხუთი შუამდგომლობა გადააგზავნეს მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე; აგრეთვე ორი შუამდგომლობა გადააგზავნეს შენობის გამაგრებისა და ლიფტის რეაბილიტაციის თაობაზე.
გივი ჩხარტიშვილმა შეკრებილ საზოგადოებას ასევე მიაწოდა ინფორმაცია, რომ ბიუროში შესული თხოვნებისა და განაცხადების საფუძველზე შესაბამის სამსახურებთან დიდუბის რაიონის 300-მდე მცხოვრებს უშუამდგომლა. მათ შორის იყო 149 განაცხადი ერთჯერადი ფინანსური დახმარების შესახებ, 17 განაცხადი ეხებოდა მედიკამენტებისთვის საჭირო სახსრებით უზრუნველყოფას, რვა - ფინანსურ დახმარებას თერაპიული, ოპერაციული თუ სტაციონარული მკურნალობისას.
ანგარიშის წარდგენას საკრებულოს წევრები, პარლამენტის დეპუტატები, დიდუბის რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მოქალაქეები ესწრებოდნენ.