თბილისის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ხელაძე უძღვებოდა, დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პრიორიტეტები განიხილეს. მთავარი საფინანსო დოკუმენტის პროექტი კომისიის წევრებს მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ წარუდგინა. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის მოცულობა 1,438,775 ათასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წელთან შედარებით, 133 მილიონი ლარით მეტია.
პროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი პრიორიტეტების დაფინანსება: სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა - აღდგენა; ინფრასტრუქტურის ობიექტების მშენებლობა, ექსპლუატაცია და ავარიული შენობების გამაგრება/ჩანაცვლება; ეკოლოგიური მდგომარეობის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა; ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარება; ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა; განათლება; კულტურა, სპორტი და ახალგაზრდობა; საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება და თბილისის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ხარჯები.
ამას გარდა, საკრებულოს წევრებმა დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტით დამტკიცებული ქვეპროგრამების ფარგლებში ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხიც განიხილეს.
დღესვე, ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზებისა და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები განიხილეს. აღნიშნული საკითხები სხდომაზე მერიის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი თავართქილაძემ წარადგინა.