თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
დღის წესრიგით წარმოდგენილი საკითხების თაობაზე ინფორმაცია დეპუტატებს სსიპ ქონების მარვის სააგენტოს უფროსმა კარლო ლაფერაძემ და თბილისის მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარმოუდგინეს.
სხდომაზე დეპუტატებმა ბიუჯეტის ასიგნებებს შორის გადანაწილების თაობაზე მერიის საფინანსო-საქალაქო სამსახურის წერილი განიხილეს და 2017 წლის ბიუჯეტის 9 თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.
კომისიის წევრებმა სხდომაზე საკადასტრო ერთეულების გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხისა და დაინტერესებულ პირებთან გასაფორმებელი შესაბამისი ხელშეკრულების პროექტის შეთანხმების, ასევე თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 24 ოქტომბრის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმით გათვალისწინებული პირობის გაუქმების თაობაზე იმსჯელეს.
დღესვე დეპუტატებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას დაუჭირეს მხარი.
ქონების მართვის და საფინანსო -საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილული საკითხების დამტკიცების თაობაზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.