თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ჯაბა სამუშია უძღვებოდა.
სხდომაზე დეპუტატებმა თბილისის 2017 წლის დამტკიცებული ბიუჯეტით გლდანის რაიონისთვის გათვალისწინებული ასიგნებების გადანაწილების თაობაზე მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის წერილი განიხილეს.
დღესვე კომისიის წევრებმა თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები განიხილეს, დადებითი რეკომენდაცია მისცეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე განხილულ საკითხებზე დეპუტატები საკრებულოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.