თბილისის საკრებულოში სამი კომისიის, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, სარევიზიოსა და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
გაერთიანებულ სხდომაზე დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსმა გაიოზ თალაკვაძემ თბილისის 2022 წლის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებები წარადგინა. ცვლილებების თანახმად, მიმდინარე წლის ბიუჯეტის მოცულობა 104 845,6 ათასი ლარით იზრდება და 1 559 866,6 ათას ლარს შეადგენს. ბიუჯეტში ცვლილებების განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში შესატანი ცვლილებების განხილვის შემდეგ, ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებმა სსიპ ქონების მართვის სააგენტოს უფროსს ირაკლი თავართქილაძეს მოუსმინეს, რომელმაც „საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელებიდან გამომდინარე, მცირე და საშუალო მეწარმეთა ხელშეწყობის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ ზოგიერთი პირის მიმართ ხელშემწყობი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საკრებულოს შესაბამის განკარგულებაში შესატანი ცვლილებები წარადგინა.
გარდა აღნიშნული საკითხებისა, ირაკლი თავართქილაძემ დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე მიწის ნაკვეთების იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის და გაცვლის ფორმით პრივატიზების საკითხები გააცნო კომისიის წევრებს.