თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების ერთობლივი სხდომზე, რომელსაც ჯაბა სამუშია თავმჯდომარეობდა, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
კომისიის წევრებმა -,,ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით პროგრამებისთვის/ქვეპროგრამებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების კვარტალური გადანაწილების შესახებ'’ საფინანსო-საქალაქო სამსახურის წერილები განიხილეს და საკითხს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
გაერთიანებულ სხდომაზე დეპუტატებმა ასევე თბილისში რამდენიმე მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით პრივატიზების საკითხები დადებითად შეაფასეს და თბილისის მუნიციპალიტეტის განკარგულებებში შესაბამისი ცვლილებების განხორციელებას მხარი დაუჭირეს.
კომისიების წევრებმა დღესვე რამდენიმე ფიზიკური პირისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების თაობაზე იმსჯელეს და წარმოდგენილ საკითხებს, შესაბამისი განხილვის შემდეგ დადებითი რეკომენდაცია მისცეს.
სხდომას კომისიების წევრებთან ერთად, დედაქალაქის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსი გაიოზ თალაკვაძე, უფროსის მოადგილე ლევან მიქავა და სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კარლო ლაფერაძე ესწრებოდნენ.