თბილისის საკრებულოში ორი კომისიის - ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა.
ორი კომისიის სხდომაზე დედაქალაქის 2022 წლის ბიუჯეტში ცვლილებები განიხილეს.საკითხი მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილემ ლევან მიქავამ წარადგინა. მისი ინფორმაციით, ბიუჯეტით გათვალისწინებული სარეზერვო ფონდის მოცულობა 2 მილიონი ლარით იზრდება. ეს ცვლილება წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის შემცირების ხარჯზე განხორციელდა. შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით, ბიუჯეტის მოცულობა არ იცვლება და 1 392 079,0 ათას ლარს შეადგენს.
ლევან მიქავამ საკრებულოს წევრებს თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა. როგორც მერის საფინანსო საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, გასული წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში გადაჭარბებით შესრულდა.
აღნიშნული საკითხების გარდა, ორი კომისიის წევრებმა შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და შპს „ალმას“ შორის 2019 წლის 6 თებერვლის „შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ბალანსზე რიცხულ ინფრასტრუქტურაზე, მოძრავ და უძრავ ქონებაზე არსებულ სარეკლამო ადგილებზე რეკლამის განთავსების ვადიანი, სასყიდლიანი უფლების გადაცემისა და ნებართვის მქონე თეთრ ტაქსებზე რეკლამის განთავსების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებები განიხილეს. საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენლებმა დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მდებარე უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთების გაცვლის ფორმით პრივატიზების და იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხები წარადგინეს.
კომისიების წევრებმა წარმოდგენილ საკითხებს მხარი დაუჭირეს.