თბილისის საკრებულოში ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის, ასევე, ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკის და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა. სხდომაზე, რომელსაც რევაზ სოხაძე და ავთანდილ ცინცაძე უძღვებოდნენ, დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები განიხილეს.
საკრებულოს წევრებს თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა, ნინო ბაგაშვილმა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაცია/ჩანაცვლების მიზნით გასატარებელი ღონისძიებები წარუდგინა. ამას გარდა, დეპუტატებმა სხვადასხვა მისამართებზე განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტები და ზონალური ცვლილებები დაამტკიცეს.
ურბანული დაგეგმარების და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ, რევაზ სოხაძემ კომისიის წევრებს თბილისში, რამდენიმე მისამართზე არსებული დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების და დაზარალებულ პირთა მიმართ გასაცემი ვალდებულებების შესრულებისთვის გასატარებელი ღონისძიებები წარუდგინა.
დღესვე, დეპუტატებმა საკრებულოს რამდენიმე დადგენილებაში შესატანი ცვლილებებიც განიხილეს. მათ შორის, ცვლილებები შევიდა „თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის შესახებ“ საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში.
ორი კომისიის გაერთიანებულ სხდომაზე განხილული საკითხები დასამტკიცებლად საკრებულოს სხდომაზე გავა. თბილისის საკრებულოში დღეს გამართულ კომისიის სხდომას მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.