თბილისის საკრებულოში ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო, ასევე სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსს მოუსმინეს.
გაიოზ თალაკვაძემ კომისიის წევრებს დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს 2023 წლის 15 დეკემბრის N33-89 დადგენილებაში განსახორციელებელი ცვლილებები წარუდგინა.
გაიოზ თალაკვაძის განმარტებით, თბილისის 2024 წლის ბიუჯეტში ცვლილებები ხორციელდება მიმდინარე წელს ფაქტიურად მიღებული შემოსავლების გათვალისწინებით, რომლის თანახმად, სხვა შემოსავლების ნაწილში იზრდება პროცენტები - 1 490,0 ათასი ლარის ოდენობით.
შესაბამისად, წარმოდგენილი პროექტით ბიუჯეტის მოცულობა იზრდება 1 490,0 ათასი ლარით და შეადგენს 2 009 879,6 ათას ლარს.
ასევე, წარმოდგენილ პროექტში გათვალისწინებულია დედაქალაქის ზოგიერთი სტრუქტურული ერთეულის და რაიონის გამგეობის დამატებითი მოთხოვნების და გადანაწილების შესახებ წინადადებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასიგნებები სხვადასხვა პროგრამებზე/ქვეპროგრამებზე გადანაწილდა.
დღესვე სხდომაზე დედაქალაქის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამის/ქვეპროგრამის ფარგლებში, ასიგნებების კვარტალური გადანაწილების საკითხი განიხილეს.
როგორც გაიოზ თალაკვაძემ აღნიშნა, კვარტალური გადანაწილება დედაქალაქის მერიის საქალაქო სამსახურების და რაიონული გამგეობების მოთხოვნის საფუძველზე ხორციელდება.
კომისიების გაერთიანებულ სხდომაზე შპს „თბილსერვის ჯგუფი“ წარმომადგენელს დავით ჩანქსელიანი მოუსმინეს, რომელმაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, თბილისის მერიასა და შპს „თბილსერვის ჯგუფს“ შორის, „თბილისის ნარჩენების პოლიგონის გაზშემკრები სისტემის“ პროექტთან დაკავშირებით ქვესასესხო ხელშეკრულების ხელმოწერაზე თანხმობის მიცემის თაობაზე წარმოადგინა ინფორმაცია.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კომისიის წევრებს თბილისის მუნიციპალიტეტის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული შპს „სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის“ დაშლის / ლიკვიდაციის დაწყების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ირაკლი თავართქილაძემ დღესვე დედაქალაქის რამდენიმე რაიონში უძრავი ქონების გაცვლისა და პირდაპირი განკარგვის ფორმით პრივატიზების, ასევე იჯარის ფორმით სარგებლობის უფლებით გადაცემის საკითხის შეთანხმების შესახებ ისაუბრა.
სხდომაზე განხილული საკითხების თაობაზე საკრებულოს წევრები წარმომადგენლობითი ორგანოს უახლოეს სხდომაზე იმსჯელებენ.