დღეს “თბილისის ფრენბურთის სასკოლო ლიგის’’ ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიებას, რომელიც საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის ინიციატივით, მერიის მხარდაჭერითა და ა(ა)იპ „სპორტის მართვის მეთოდოლოგიის და ტექნოლოგიების ასოციაციის’’ ორგანიზებით გაიმართა, საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გურამ ოქროპირიძე და ამავე კომისიის წევრი ანა კილაძე დაესწრნენ. გურამ ოქროპირიძის თქმით, სასკოლო ლიგა, კამპანიის ,,როდესაც სპორტი ცვლის სამყაროს’’ ფარგლებში, 2019 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ წარმატებით მიმდინარეობს. გურამ ოქროპირიძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.
„ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სპორტის განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვაა, რისთვისაც დედაქალაქი არაერთ წარმატებულ პროექტს ახორციელებს. მომავალში ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება და სასკოლო ლიგის ფორმატიც გაფართოვდება. სპორტითა და ჯანსაღი ცხოვრების წესით კიდევ უფრო მეტი ახალგაზრდის დაინტერესებისთვის მნიშვნელოვანია, რომ საჯარო უწყებებთან ერთად, აღნიშნული კამპანიით კერძო სექტორიც დაინტერესდეს“- განაცხადა გურამ ოქროპირიძემ.
“თბილისის ფრენბურთის სასკოლო ლიგის’’ გამარჯვებული ვაჟებში 98-ე საჯარო სკოლა გახდა. გოგონებში კი პირველობა 51-ე სკოლამ მოიპოვა. გამარჯვებულ გუნდებს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ მიულოცა და დააჯილდოვა.
სასკოლო ლიგას, რომელიც საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის ეგიდით გაიმართა, თბილისის საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლების გარდა, საქართველოს ფრენბურთის ფედერაციის, საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.